English / ქართული / русский /
რუსუდან კვარაცხელიადავით კაკაბაძე
განათლების როლი „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირებაში

"ცოდნა არის სოციალური ცვლილებების ძრავა" - ნიკო სტერი

ანოტაცია. „მწვანე ეკონომიკის“  კონცეფცია მრავალგანზომილებიანია, მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ცივილიზებულ საზოგადოებაში, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები დაბალანსებული იყოს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. ძირითად ამოცანას კი წარმოადგენს ის, რომ ეს პრინციპი გადაიზარდოს კონკრეტულ სოციალურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ პროგრამებსა და პროექტებში, რათა ჩამოყალიბდეს განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მდგრადი ფორმები. ყოველივე ამის მიღწევა, ვფიქრობთ, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებით შესაბამის განათლებას პიროვნება ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან მიიღებს.

საკვანძო სიტყვები:  მწვანე ბიზნესის ცენტრი, მწვანე სამუშაო ადგილები, მწვანე პროდუქტი, მწვანე ბიზნესის კლუბი, ჰუმანური საზოგადოება.

დღითიდღე იზრდება ადამიანური კაპიტალის როლი და მნიშვნელობა. შესაბამისად, იზრდება განათლების როლი ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებაში.  განათლება მრავლისმომცველი ცნებაა. ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის სოციალიზაციის პროცესში. 

დღეს საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია ქვეყანაში განათლების ყველა საფეხურზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სისტემის ფორმირება. „განათლება განვითარების ფუნდამენტური ფაქტორია და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გარეშე შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა. მხოლოდ ძლიერი და სოციალურად სამართლიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებშია შესაძლებელი ქვეყანაში არსებული სოციალური, კულტურული და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა“1 .

რატომ იმატა სკოლებში ძალადობის შემთხვევებმა? რატომ იკვეთება აგრესია მოზარდებში? მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ვფიქრობთ, მაღალი ცივილიზაციის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა იყოს ინდივიდუალური, მორალური და ეთიკური დამოკიდებულების სისტემის რესტრუქტურიზაცია. მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მივიჩნევთ „მწვანე ეკონომიკის“, გარემოს დაცვის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიზნესის სწავლებას სკოლებში, როგორც მოზარდის ჰუმანური ფსიქო-ემოციური განვითარების საფუძველს. მომავალი თაობების ფუნდამენტურ განათლებაში აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს მდგრადი  განვითარების კონცეფციის სოციალური კომპონენტი. მოზარდის ფსიქოლოგია, მისი შემეცნება, სამყაროს აღქმა უნდა ხდებოდეს ბუნებასთან ჰარმონიზებით, სათუთი დამოკიდებულებით.

მეორე მხრივ, რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას, ვფიქრობთ, ეს რეგიონული ეკონომიკის გაჯანსაღების საფუძველზე უნდა მოხდეს. რეგიონალიზაცია, გარდა იმისა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური განვითარების მყარი საძირკველია, ამავე დროს წარმოადგენს ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლების საშუალებას. ეს კი პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების კონცეფციის სოციალურ კომპონენტს. მდგრადი განვითარების კონცეფცია ორიენტირებულია საზოგადოების სოციალურ განვითარებაზე. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას. იგი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს სოციალური და კულტურული სტაბილურობა, მათ შორის გულისხმობს გლობალურ დონეზე კულტურული კაპიტალის შენარჩუნებას მდგრადი განვითარების პრაქტიკის სრულად გამოყენების გზით. 

თანამედროვე საქართველოს რეგიონებში მკვეთრად არის გამოხატული  უთანასწორობის ზრდა. დიდი ქალაქები გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე ზოგიერთი მცირე და კიდევ უფრო ნელა ვითარდება სოფლები. რეგიონული განვითარების დონის დიფერენცირების ამჟამინდელი მასშტაბის ძირითადი მიზეზებია: რეგიონის ადამიანური რესურსების განვითარების დონის შემცირება და ინტელექტუალური პოტენციალის მიგრაცია დედაქალაქში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ; გლობალიზაციის უარყოფითი ფაქტორები: უცხოეთიდან  დაბალი ხარისხის და ყალბი, იაფი პროდუქტების მასიური შემოდინება, მოსახლეობის ჯანმრთელობის შესუსტება; ადგილობრივ პროდუქციაზე შიდა მოთხოვნის შემცირება; ანთროპოგენური საქმიანობის გამო გარემოს მდგრადობის გაუარესება; ინოვაციურად მოაზროვნე მოსახლეობის ჩამოყალიბებაში სწორი საგანმანათლებლო ფაქტორების როლის შემცირება და ა.შ. შესაბამისად, საჭიროა, პირველ რიგში, მიზანმიმართული, სპეციალური საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება რეგიონებში.

ეფექტიანი რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, უნდა მოხდეს პრიორიტეტების იდენტიფიცირება. ამისათვის კი  აუცილებელია რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავება შემდეგი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით: 1. კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი,ისტორიული, კულტურული, მყარი კონკურენტუნარიანობა; 2. რეგიონში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. 

რეგიონების განვითარება ხშირად დომინირებულია მემკვიდრეობით ან ქვეყნის პროგრესის „გზაზე“ დამოკიდებულებით. სწორედ მემკვიდრეობითობა არის ის მნიშვნელოვანი  ფაქტორი, რომელიც ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული. სრულიად შესაძლებელია, რომ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ეყრდნობოდეს მოსახლეობის სოციალურ-კულტურულ მახასიათებლებს და არაფორმალურ ინსტიტუტებს (ტრადიციები და ნორმები),  რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის მობილობის, ზოგადად ადამიანური და სოციალური კაპიტალის ფორმირებაზე. რეგიონის სოციალურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ ტიპოლოგიური მიდგომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ  მისთვის ინდივიდუალურად შესაფერის მემკვიდრეობით, ტრადიციულ კულტურულ ფაქტორებს, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს მდგრად განვითარებაზე და შევიმუშაოთ შესაბამისი წინადადებები. ეს ხელს შეუწყობს მთავრობის მხარდაჭერის ღონისძიებების ეფექტიანობას. თუ მთავრობას სურს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ის პირველ რიგში უნდა დაეყრდნოს იმ რეგიონებს, რომლებსაც აქვთ კონკურენტული უპირატესობა კონკრეტული მიმართულებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ტრადიციულ, ისტორიულ და ენდემურ ფაქტორებს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ქართული, გემოვნური თვისებებით გამორჩეული კარტოფილი, რა თქმა უნდა ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით, მასობრივი წარმოებისთვის უნდა მოვიყვანოთ ახალციხეში, ახალქალაქში, დმანისსა და სვანეთში; ხილი - ახალციხესა და გორში; ხახვი, ჭარხალი, კომბოსტო - ქარელსა და კასპში; მანდარინი განაკუთრებულია ხეთასა და კოხორაში, საფერავი - ხაშმში, გორული მწვანე - ატენში და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირის ბიოპროდუქტების ბაზარი მზარდია და საქართველოს, მისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაღალი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტითა თუ სხვადასხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო, კულტურულ-ტრადიციული პროდუქციით დიდი პოტენციალი აქვს, დაიპყროს ევროკავშირის ბაზრის აღნიშნული, ჯერ კიდევ თავისუფალი სეგმენტი.

ცნობილია, რომ ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების და განვითარების ქვაკუთხედია. რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მოხდეს.  ვინაიდან, სხვადასხვა რეგიონს ბიზნესის განვითარების სხვადასხვა პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ბიზნესის განვითარების პოლიტიკა მართვის რეგიონულ დონეზე უნდა შემუშავდეს ისევე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება. რაც შეეხება „მწვანე ბიზნესს“, იგი გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარების საფუძველზე განვითარებული „მწვანე ბიზნესი“ კონცეპტუალურად  სამ პრინციპს ეყრდნობა: ეკოლოგიური, ეკომონიმიკური და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.2 ყოველი ეკონომიკური პროექტი, ყოველი „მწვანე ბიზნესგეგმა“ წინასწარ უნდა შეფასდეს მისი ეკონომიკური სარგებლიანობისა და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ მდგრადი განვითარების არსის და პრინციპების დაცვის ფარგლებში. 

მდგრადი ეკოლოგიური განვითარება, შესაბამისად „მწვანე ეკონომიკა“, გულისხმობს ისეთი ეკონომიკური მექანიზმის შექმნას, რომელიც განაპირობებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სრულყოფას, ინოვაციური საქმიანობის ეკოლოგიურ-ეკონომიკური მექანიზმების შექმნას და ეკონომიკური ზემოქმედების სისტემის ფორმირებას წარმოების ეკოლოგიზაციაზე. ეკონომიკური უსაფრთხოება ქვეყნის სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. კორპორაციული მდგრადობისთვის ყველაზე ფართოდ მიღებული კრიტერიუმი შეიცავს ფირმის მიერ ბუნებრივი კაპიტალის ეფექტიანად გამოყენებას. თუმცა დილიქი და ჰოკერტსი მიუთითებენ, რომ მხოლოდ ბიზნესქეისი არ იქნება საკმარისი, რომ განახორციელონ მდგრადი განვითარება. ისინი მიუთითებენ ეკო-ეფექტურობაზე, სოციო-ეფექტურობაზე, საფუძვლიანობაზე და ეკო-სამართლიანობაზე, როგორც ოთხ კრიტერიუმზე, რომელიც საჭიროა მდგრადი განვითარების მისაღწევად.თანამედროვე საქართველო სრულად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში. ევროკავშირის პროექტი EU4Climate, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს, გულისხმობს კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებას და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას. 

ამ რეალობაში გასათვალისწინებელია, რომ "მწვანე ეკონომიკის" ჩამოყალიბება და გლობალურ პროცესებში ჩართვა მოითხოვს პროფესიონალი კადრების მომზადებას. ვინაიდან დიდია გარემოსდაცვითი განათლების გავლენა „მწვანე ზრდის“ პროცესზე, ეგრეთ წოდებული „მწვანე სამუშაო ადგილების“ ინტერესი სწრაფად იზრდება მსოფლიოში. აუცილებელია პროფესიული პერსონალის გადამზადების პროცესის დაჩქარება და ხარისხის ამაღლება. ასევე საჭიროა მთელი ბიზნესგარემოს, მთავრობის, დამსაქმებლებისა და განათლების სისტემის კოორდინირებული ქმედებები უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად. უნდა შემუშავდეს ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, ინვესტიციების მოზიდვას, „მწვანე სამუშაო ადგილების“, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნას „მწვანე ბიზნესის“ მიმართულებით. 

ყოველივე ზემოთქმულიდან და ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი ეფექტიანობისა და შედეგის სრულყოფილებისთვის, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ფუნქციონირებდეს  „მწვანე ბიზნესის ანალიტიკური ცენტრი“, რომელიც შეიძლება ჰიბრიდულ სტრუქტურად წარმოვიდგინოთ. ეს არის როგორც მეცნიერთა, ასევე პრაქტიკოსთა სპეციალიზებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეგიონის მდგრად განვითარებაზე. პირველ რიგში, ჯგუფი ორიენტირებულია „მწვანე ბიზნესის“ ხელშეწყობაზე შემდეგი მიმართულებით: ტრენინგები პედაგოგებისთვის, მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად; მათივე ჩართულობით რეგიონის „მწვანე“ ბიზნესშესაძლებლობების კვლევა-ანალიზი; „მწვანე სამუშაო ადგილების“ შექმნა;  „მწვანე პროდუქტის“ წარმოებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მომსახურების ხელშეწყობა; „მწვანე პროდუქტის“ ბრენდინგი, ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული ნიშანდების, ბიოსერტიფიცირების, ლოგისტიკის, შიდა მოთხოვნისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლაში ჩამოყალიბებულია „მწვანე ბიზნესის კლუბები“, შექმნილია პედაგოგებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის დისტანციური პროგრამა „მწვანე ბიზნესი“. კლუბები მზად არიან გაეცნონ, შეისწავლონ და გამოავლინონ მათივე რეგიონის „მწვანე“ ბიზნეს-შესაძლებლობები, პოტენციალი აქციონ  რეალურ „მწვანე პროდუქტად“ , ისინი სწავლობენ „მწვანე ბიზნესის“ თეორიულ საფუძვლებს, ასევე პრაქტიკულად არიან ჩართული ბევრ ინოვაციურ და საინტერესო საქმიანობაში. 

დასკვნა

ამრიგად, მდგრადი განვითარების, „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფცია მიუთითებს სოციალურ სოლიდარობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირ კავშირს. მდგრადი განვითარების მისაღწევად თანამედროვე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილებები. ვინაიდან „მწვანე ეკონომიკა“ გულისხმობს გარემოს დაცვის ფონზე ადამიანისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო დასაქმების შესაძლებლობებს, საჭირო განათლების  ხელმისაწვდომობას, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას, პიროვნების თვითრეალიზაციას, ჩვენ წარმოვადგინეთ საზოგადოების ცხოვრებისეული ცვლილებებისა და რეგიონების ეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ისტორიული გამოცდილებისა და კონკურენტუნარიანობის, მოზარდთა ჰუმანური განვითარებისა და „მწვანე ბიზნესის“ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების გზით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს მთავრობა, 2013.  „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“. 

2. ჭითანავა ნ. 1997. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. თბილისი. 

3. Green Economics Methodology: An Introduction An Green Economics Methodology:  Reform, Repair and Re-Shaping Economics (Handbook of Green Economics) [Paperback]. Aase Seeberg (Author), Tone Hedberg (Author), Miriam Kennet (Author) Paperback. Publisher: The Green Economics Institute (2 Nov 2012)

4. Handbook of Green Economics: Practitioner's Guide. (Green Economics Institute Handbook) [Paperback] Miriam Kennet (Author), Eleni Courea (Author), Alan Bouquet (Author), Ieva Pepinyte (Editor) Publisher: The Green Economics Institute (1 Dec 2011)

5. Hadi Moheb-Alizadeh and Robert Handfield, Sustainable Supplier Selection and Order Allocation: A Novel Multi-Objective Programming Model with a Hybrid Solution Approach, Computers & Industrial Engineering, 10.1016/j.cie.2019.01.011, (2019).

 

 

[1] საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020

[2]Handbook of Green Economics: Practitioner's Guide. Handbook of Green Economics: A Practitioner's Guide (Green Economics Institute Handbook) [Paperback]

Miriam Kennet (Author), Eleni Courea (Author), Alan Bouquet (Author), Ieva Pepinyte (Editor)
Publisher: The Green Economics Institute (1 Dec 2011)
 

[3]Hadi Moheb-Alizadeh and Robert Handfield, Sustainable Supplier Selection and Order Allocation: A Novel Multi-Objective Programming Model with a Hybrid Solution Approach, Computers & Industrial Engineering, 10.1016/j.cie.2019.01.011, (2019).